თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა ორი დეპუტატის - ვაჟა ოთარაშვილის და ზაზა მამალაძის უფლებამოსილების ცნობის საკითხები წარადგინა, რომლებიც საკრებულოს ყოფილი წევრების ფრიდონ ინჯიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეებად დასახელდნენ.
იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრებმა დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი განიხილეს, რომელიც საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვით ნაწილში მცირდება.
სსიპ ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ კომისიის წევრებს თბილისის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს დაფუძნების და დებულების დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ტექნიკური სახის ცვლილებები გააცნო.
კომისიის სხდომაზე „მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებები იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ წარადგინა.
კომისიის წევრებმა განიხილეს ასევე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესახებ N39-18 დადგენილებაში და თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ №14-39 დადგენილებაში ცვლილებები.
სსიპ ქონების მართვის სააგენტომ დედაქალაქის რამდენიმე მისამართზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.