თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის სხდომაზე საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა. მან გასულ წელს განხორციელებულ პროექტებზე დეტალურად ისაუბრა. გაიოზ თალაკვაძემ კომისიის წევრებს ასევე დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარუდგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა კომისიის წევრებს მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდაღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების განსაზღვრის შესახებ თბილისის საკრებულოს დადგენილების პროექტი გააცნო.
დღესვე, კომისიის სხდომაზე დედაქალაქის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ, ასევე სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების პროექტები განიხილეს.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების პროექტი წარადგინა. მანვე კომისიის წევრებს თბილისის რამდენიმე რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთების და უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.