თბილისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 21 საკითხი განიხილეს. საკითხები კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა თინათინ ნიბლოშვილმა წარადგინა.
კომისიის წევრებმა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელების და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის შესახებ დადგენილებაში ცვლილებები განიხილეს, რომელიც გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ წარადგინა. ცვლილებები რამდენიმე ხარვეზის გამოსწორებას ეხება.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები კომისიის სხდომაზე ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ალექსანდრე ტოგონიძემ წარადგინა.
კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ ცვლილებები განიხილეს, რომელიც ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარადგინა. კერძოდ, თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ეროვნული სკრინინგ ცენტრი“ განახორციელებს ქვეპროგრამის მიმწოდებლის/მისი კონტრაქტორის ან/და ფილიალის ან/და მობილური გუნდის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შემოწმებას.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა განიხილეს ასევე თბილისის სხვადასხვა რაიონებში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების იჯარით გადაცემის საკითხები, რომელიც სსიპ ქონების მართვის სააგენტომ წარადგინა.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს.