თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა. საკითხები კომისიის წევრებს საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარუდგინა.
თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის წარდგენისას, მან იმ ძირითად პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე ისაუბრა, რომელიც დოკუმენტში აისახა. მომავალი წლის ბიუჯეტი 927 მილიონი ლარი იქნება.
კომისიის სხდომაზე განიხილეს ასევე მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი. 2018 წლის ბიუჯეტი სპეციალური ტრანსფერით 170 მილიონი ლარით იზრდება. ეს თანხა ავტობუსების შეძენას, მეტროს სადგურების მშენებლობა-რეკონსტრუქციას, ვაგონების მოდერნიზაციას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, დასუფთავების ღონისძიებებს მოხმარდება.
ლევან ჟორჟოლიანმა წარმოდგენილი საკითხების სამართლებრივ დეტალებზე ისაუბრა. კომისიის წევრებმა ორივე საკითხს მხარი დაუჭირეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს.