თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 15 საკითხი განიხილეს.
კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა დეპუტატებს თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე კახაბერ გულედანის დანიშვნაზე თანხმობის მიცემის თაობაზე განკარგულების პროექტი წარუდგინა. ჟორჟოლიანის განცხადებით, გულედანის საქმიანობას საკრებულოში კარგად იცნობენ და მის კანდიდატურას მხარს უჭერენ.
კომისიის წევრებმა თანხმობა მისცეს ასევე თბილისის 212-ე საჯარო სკოლისთვის ნოკოლოზ ბარათაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე წარდგენილ საკითხს.
თბილისის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობის და მოვლა-პატრონობის წესში ცვლილებების შეტანის შესახებ საკითხი შპს „ჰერმესის“ დირექტორმა მიხეილ ძაგანიამ წარადგინა. კერძოდ, სასაფლაოების მოწყობის და მოვლა-პატრონობის წესში გარკვეული სტანდარტები დგინდება.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ კომისიის წევრებს თბილისის რამდენიმე რაიონში, კერძოდ ზაჰესის და ლილოს დასახლებებში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე განკარგულების პროექტი წარუდგინა. ასევე კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს „მზიური“ პარკის ტერიტორიაზე გიგი ანთაძისთვის 6 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული სავაჭრო ობიექტის პირდაპირი განკარგვის წესის, თხოვების ფორმით გადაცემის საკითხს.
კომისიის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს თბილისში, გეგეშიძის ბაღის, ასევე მეტრო ვარკეთილის და რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მრავალსართულიანი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობის შესწავლის, მშენებლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების საკითხს. როგორც სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ განაცხადა, ინტერესთა გამოხატვის პროცესი ითვალისწინებს ინვესტორის შერჩევას. გამარჯვებული ინვესტორი ვალდებული იქნება სამი თვის ვადაში ჩაატაროს დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.
კომისიის სხდომაზე განიხილეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს თბილისის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის შესახებ დადგენილებაში ცვლილებებს, ასევე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებების პროექტს.
.