თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილეს. კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ ეს არის წლის ბოლო სხდომა.
„მინდა განვაცხადო, რომ ნაყოფიერი წელი იყო. არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. გამოვყოფდი დედაქალაქის ბიუჯეტს და დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხს,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა, რომელიც 1 021 400.0 ათასი ლარით განისაზღვრა. საქალაქო სამსახურის უფროსმა კომისიის წევრებს ის პრიორიტეტები გააცნო, რომლებიც მომავალი წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა და ავარიული შენობების გამაგრება, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, სპორტი და კულტურა. კომისიის წევრებმა ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირეს.
თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით, ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხები წარადგინა. როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დაზარალებლთა დაკმაყოფილების მიზნით, პროექტი შემუშავდა, რომელიც დაახლოებით 2 000 ოჯახის ბინებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ გია გვენეტაძემ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების იჯარის ფორმით სარგებლობის საკითხები წარადგინა.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.