თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც სასაფლაოების მოვლასა და ტყე-პარკად გადაქცევის შესახებ მოქალაქე რომან ტაბიძის წინადადება მოისმინეს.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე, კომისიის წევრები, ასევე შპს ,,ჰერმესის" დირექტორი -მიხეილ ძაგანია და მოქალაქე - რომან ტაბიძე ესწრებდნენ, დეპუტატებმა საკითხთან დაკავშირებული პრობლემები მოისმინეს და ამასთან, საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მოუვლელი სასაფლაოების პრობლემის გადაწყვეტა თბილისელებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.
,,ვფიქრობ, საკითხის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით, აუცილებელია კვალიფიციური ექსპერტებით დაკომპლექტებული დროებითი კომისიის ან სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის მუშაობაც შედეგზე იქნება ორიენტირებული’’,-განაცხადა თედო კობახიძემ და აღნიშნა, რომ მიცვალებულებისა და მათი საფლავების პატივისცემა თითოეული ადამიანის ვალდებულებაა.
,,ჩვენ დეპუტატის უფლებამოსილების ფარგლებში ვიმოქმედებთ და ათწლეულობით მოუგვარებელი პრობლემის დარეგულირებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ’’,-განაცხადა დეპუტატმა.