თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ, კულტურის პალატასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელს დავით ოქიტაშვილს და სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსს-მეუფე სვიმეონს უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქარელის რაიონში სურამის მთაზე ბანას სახელობის ტაძრის მშენებლობის დაწყების საკითხზე იმსჯელეს.
როგორც მეუფე სვიმეონმა აღნიშნა, ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსი ქვეყნისა და ხალხის გაერთიანების საფუძველი იქნება, სადაც სამედიცინო კვლევითი ცენტრი, სამკითხველო დარბაზები, ბიბლიოთეკა და წიგნსაცავი დაფუძნდება.
კომპლექსის გარკვეული ნაწილი კი სამრეწველო საქმიანობას დაეთმობა.
თევდორე კობახიძემ სტუმრებს აღნიშნულ საკითხთან დაკვშირებით, კომპეტენციის ფარგლებში, ყოველმხრივი დახმარება აღუთქვა.
სამუშაო შეხვედრის დასასრულს, რომელსაც „საქართველოს კულტურის პალატის“ ხელმძღვანელი დავით ოქიტაშილი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მომავალი სამუშაო შეხვედრის გეგმებზე ისაუბრეს.
ბანას ტაძარი ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე, ჭოროხის ხეობაში, მდინარე ბანის მარჯვენა ნაპირას მდებარეობს, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცენტრია და ის ამჟამად „ფანაკის“ სახელწოდებით თურქეთის საზღვრებშია მოქცეული.