თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობა დაიწყო. შედეგები საზოგადოებას დაახლოებით, ერთ კვირაში წარედგინება. ცვლილებებით, მედიკამენტებზე ქართულენოვანი ანოტაციის თანდართვა სავალდებულო ხდება. განცხადება ამის შესახებ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ დღეს საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
კობახიძის თქმით, კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები, მომხმარებლისთვის ქართულ ენაზე მედიკამენტების ანოტაციის მიწოდების საკითხს დაარეგულირებს.
„კანონპროექტის შემუშავება მედიკამენტებზე ქართულენოვანი ანოტაციის დართვის საკითხმა განაპირობა. დღეს, უმეტეს შემთხვევაში, მომხმარებელს არ აქვს საშუალება გაეცნოს ქართულ ენაზე ანოტაციას და გაიგოს მედიკამენტის უკუჩვენებები, შენახვის ვადა, ვარგისიანობა და ა.შ.“, – განაცხადა კობახიძემ.
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული ცვლილებების შეტანის აუცილებლობა მომხმარებლის მაქსიმალურად დაცვის აუცილებლობამ გამოიწვია.
„უნდა გამოირიცხოს უკუჩვენებენი, რისკ–ფაქტორები, რამაც შეიძლება მომხმარებლის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას“, – აღნიშნა კობახიძემ.
დედაქალაქის საკრებულოში აღნიშნეს, რომ კანონპროექტი ევროსტანდარტით არის მომზადებული, ხოლო ევროკავშირისა და ევროპარლამეტის დირექტივა პირდაპირ ითვალისწინებს, რომ მედიკამენტს აუცილებლად უნდა ერთვოდეს სახელმწიფო ენაზე ნათარგმნი ანოტაცია.
„კვირის ბოლომდე, საკრებულოში, კომისიებთან კანონპროეტის პირველადი ვერსიის გაცნობა დაიწყება.
მომდევნო კვირიდან კანონპროექტის განხილვა სახელმწიფო უწყებების, ფარმაცევტული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მედიკამენტების მწარმოებლებთან, აფთიაქების ქსელების ხელმძღვანელებთან გაიმართება. კანონპროეტქის საბოლოო, შეჯამებული ვერსია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში გადაიგზავნება“, – აცხადებს თედო კობახიძე.
კანონპროექტის მიხედვით,შეფუთვის დაშლის შემთხვევაშიც მომხმარებლისათვის ქართულ ენაზე შედგენილი ანოტაციის მიწოდება ასევე სავალდებულო იქნება. ნორმის დარღვევა დაჯარიმებას გამოიწვევს. შესაბამისი მითითება აფთიაქში თვალსაჩინო ადგილზე იქნება გამოკრული.
ახალი კანონპროექტის ფართო საზოგადოებრივი განხილვა ერთ კვირაში დაწყება.