თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 48 საკითხი განიხილეს. სხდომა კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა გახსნა.
თბილისის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარადგინა. მისი განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტი ამ ცვლილებების შესაბამისად, 169 ათასი ლარით იზრდება და 1 075 270,8 ათას ლარით განისაზღვრება, საიდანაც 13 091,9 ათასი ლარი სხვადასხვა მიმართულებებზე გადანაწილდა.
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმის დამტკიცების პროექტი წარადგინა. ეს არის 5-წლიანი მართვის გეგმა, რომელიც რამდენიმე ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს, მათ შორის - ნარჩენების სეპარირებას, სტიქიური ნაგავსაყრელების დახურვის მართვის გეგმას, ბიოლოგიური ნარჩენების მართვას, ცნობადობის ამაღლების ღონისძიებებს.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა თბილისში სატრანსპორტო საშულებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ დადგენილებაში ცვლილებები წარადგინა, რომელიც ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშულებების, მოპედების და ველოსიპედებისთვის ადგილების გამოყოფას და ფასიანი პარკინგის შემოღების წესს ეხება.
ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა საქალაქო სამსახურის მიერ წარდგენილი პროექტი აუტიზმის ქვეპროგრამაში ცვლილებას ეხება, რომლის მიხედვითაც ბენეფიციართა ასაკი 2-იდან 17 წლის ჩათვლით იზრდება.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს იურიდიული და საინვესტიციო პროექტების სამსახურის უფროსმა ნინო კვეტენაძემ სააგენტოს დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ისაუბრა.
კომისიის სხდომაზე თბილისის სხვადასხვა რაიონში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის და პრივატიზების საკითხები განიხილეს.
სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა თბილისის სხვადასხვა რაიონებში ქუჩებისთვის ცნობილი ქართველი მსახიობების, რეჟისორების სახელების მინიჭების განკარგულებების პროექტები წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა კომისიის წევრებს საკრებულოს წევრად ნინო რუხაძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.