თბილისის საკრებულოს დელეგაცია გერმანიაში, ქალაქ პოტსდამში, იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში და ამავე კონგრესის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. საკრებულოს დელეგაციის შემადგენლობაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი არიან.
3 ივლისს, პოტსდამში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია „რეგიონული და ადგილობრივი დონის ხელისუფლების საპასუხო ქმედება კლიმატის ცვლილებაზე - წვლილი ადამიანის უფლებების დაცვაში“ გაიმართა. კონფერენციაზე თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა, გააკეთა მოხსენება თემაზე „მწვანე დღის წესრიგი ადგილობრივ დონეზე - თბილისის გამოცდილება“.
მოხსენებაში ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად ეროვნული მთავრობების მიერ გლობალური ვალდებულებები არის აღებული, თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებაზე ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. მისივე თქმით, მზარდი კლიმატური კრიზისი საფრთხეს უქმნის ადამიანის ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორებიც არის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ოჯახური ცხოვრებისა და საცხოვრებლის უფლება.
ლევან ჟორჟოლიანმა ყურადღება გაამახვილა „მწვანე ტრანსფორმაციის" მიმართულებით საქართველოს წინსვლაზე 2012 წლიდან მოყოლებული.
„ვინაიდან საქართველო მიისწრაფვის გახდეს ევროკავშირის წევრი, ქვეყანა განაგრძობს რეფორმების გატარებას ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული სხვადასხვა მიმართულებით, „მწვანე დღის წესრიგის“ მიზნები ქვეყნის პრიორიტეტებს შორისაა. თბილისის მუნიციპალიტეტმა განახორციელა რეფორმა, რომლითაც სივრცითი მოწყობისა და ურბანული განაშენიანების პროცესში, რომელიც მოიცავს ქალაქის ეკონომიკის ყველაზე მსხვილ ინდუსტრიას, ერთმანეთს დაუკავშირა გარემოს დაცვა, ტრანსპორტი და ურბანული სერვისები. თბილისმა მიიღო 10-წლიანი გეგმა ჰაერის დაბინძურების პრევენციისთვის. ასევე ქალაქის საკრებულომ დაამტკიცა „საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების 2021–2023 წლების პროგრამა,“ - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
თბილისის საკრებულოს წევრმა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე ისაუბრა, რომელიც მუნიციპალიტეტმა 2019 წელს მიიღო. ლევან ჟორჟოლიანის თქმით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მთავარი პრინციპია „მწვანე ქალაქის“ განვითარება.
„ჩვენი მთავარი მიზანია მედეგი ქალაქისთვის საფუძვლის შექმნა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარება. საქართველო არის ქვეყანა მზარდი ეკონომიკით, რომელიც ცდილობს დააბალანსოს კერძო და საზოგადოებრივი ინტერესები, შექმნას ჯანსაღი და ფინანსურად სტაბილური საცხოვრებელი გარემო ქვეყანაში და მის მუნიციპალიტეტებში,“ - დასძინა ლევან ჟორჟოლიანმა.
4 ივლისს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებს თბილისის საკრებულოს დელეგაცია.