თბილისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიასა და ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
მემორანდუმს ხელი კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა და ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა მარიამ ბოჭორიშვილმა მოაწერეს.
როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი მიზნად ევროპის უნივერსიტეტის სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების მიერ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაში პრაქტიკული კომპონენტის გავლას ისახავს.
მარიამ ბოჭორიშვილმა სტუდენტების სწორად განვითარებასა და მათთვის სასურველ სფეროში კარიერის შექმნის ხელშეწყობისთვის დედაქალაქის საკრებულოსა და კერძოდ, ლევან ჟორჟოლიანს მადლობა გადაუხადა.
მისივე თქმით, მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტებს დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გარკვეული უნარ-ჩვევების შეძენის შესაძლებლობა მიეცათ.
მემორანდუმის მნიშვნელობაზე ლევან ჟორჟოლიანმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მხარეთა შორის თანამშრომლობის განმტკიცებაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში ახალგაზრდა თაობის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფასა და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებაზეა ორიენტირებული.
,,წინამდებარე მემორანდუმით, მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მიზანი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განხილვაში მონაწილეობა, ასევე სტუდენტებისთვის პრაქტიკის ხელშეწყობა და უნივერსიტეტისა და კომისიის ერთობლივი ორგანიზებით, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებაა’’,-განაცხადა დეპუტატმა.