თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ერთ-ერთი სკვერისთვის უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სახელის მინიჭებას მოითხოვენ. ამ თემაზე საკრებულოში დღეს ბრიფინგი გაიმართა. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული ინიციატივა მათ რამდენიმე თვის წინ დააყენეს, თუმცა, მათი მტკიცებით, საკითხი ხელოვნურად ჭიანურდება.
„სამწუხაროდ, ყოველდღიურად იზრდება იმ ქართველი გმირების რაოდენობა, რომლებიც უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში იღუპებიან. ეს ადამიანები იქ იბრძვიან უკრაინის, საქართველოს და მთელი ცივილური სამყაროს თავისუფლებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს დაღუპულ მებრძოლებს სიმბოლურად მაინც მივაგოთ პატივი. უკვე რამდენიმე თვეა, რაც საკრებულოს უმრავლესობას ვთხოვთ, რომ თბილისში არსებულ ერთ-ერთ უსახელო სკვერს ამ გმირების სახელი მივანიჭოთ, მაგრამ საკითხი ხელოვნურად ჭიანურდება. ხელისუფლებას უჭირს სიმბოლურად მაინც გამოხატოს თანადგომა. საკრებულოს უმრავლესობამ ერთხელაც ვერ გაბედა ამ საკითხზე ემსჯელა. დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთის ინტერესების გამო ეს ადამიანები ვერ ახერხებენ ჩვენს გმირებს პატივი მიაგონ“, - განაცხადეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა.