თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წევრებმა თბილისის საკრებულოს შენობაზე უკრაინის დროშა გადმოფინეს.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ სოფიო ჯაფარიძემ განაცხადა, ეს არის მხარდაჭერის და სოლიდარობის აქცია როგორც უკრაინის, ასევე მსოფლიოს მიმართ, რადგან თავისუფლებისთვის უკრაინასთან ერთად ცივილიზებული მსოფლიო იბრძვის.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ასეთი სახით გამოგვეხატა მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინის მიმართ და არა მხოლოდ უკრაინის მიმართ, არამედ მთელი მსოფლიოს მიმართ. ჩვენ ყველა ერთად ვიბრძვით თავისუფლებისთვის. ალბათ ხმამაღალი ნათქვამია „ყველა ერთად“ იმ გაუგებარი დუმილის შემდეგ, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს. მაგრამ ჩვენ არ ვართ ჩვენი ხელისუფლება, ჩვენ ვართ ძალიან ბევრნი. ყოველდღიურად ვხედავთ თუ რა რაოდენობის მოქალაქე გამოდის და აფიქსირებს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. კიდევ ერთხელ ვიტყვი - ჩვენ ვართ ძალიან ბევრნი, ჩვენ ვართ უკრაინის გვერდით და ბოლომდე ვიქნებით, სანამ ეს ომი მათი გამარჯვებით არ დასრულდება,“- განაცხადა სოფიო ჯაფარიძემ.
როგორც ფრაქციის წევრებმა აღნიშნეს, მხარდაჭერის აქციები სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება.