საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წევრები საჯარო სექტორში დასაქმებული მოხელეების ხელფასების მატებასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით გამოდიან და კახა კალაძეს მიმართავენ. განცხადება ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის მოადგილემ სოფიო ჯაფარიძემ გააკეთა.
მისი თქმით, ფრაქციის წევრების ინიციატივით, თანამდებობის პირებს თანამდებობრივი სარგო არ მოემატოთ და თანხა რომელიც მაღალჩინოსნების გასამრჯელოს უნდა მომატებოდა თბილისელების საჭიროებებისკენ წარიმართოს.
„ხელფასების ზრდას რიგითი თანამშრომლებისთვის მივესალმებით, მაგრამ სრულად ვემიჯნებით სარგოს ზრდას თანამდებობის პირებისთვის, რომლებსაც ისედაც საკმაოდ სოლიდური ხელფასები აქვთ. თბილისელების ცხოვრება დღითიდღე უარესდება. გაძვირდა პროდუქტები, მედიკამენტები, კომუნალური გადასახადები. მომავალი წლიდან ძვირდება ტრანსპორტი. ადამიანები შიმშილობენ და მათ შორის ბავშვები.
ამ დროს კახა კალაძემ გადაწყვიტა, რომ თანამდებობის პირებსა და მაღალჩინოსნებს ხელფასები გაუზარდოს. ხელფასი გვეზრდება ჩვენც, თუმცა გამოვდივართ ინიციატივით და მივმართავთ კახა კალაძეს უარი ვთქვათ თანამდებობის პირებმა ხელფასების ზრდაზე და თანხა რაც ჩვენ უნდა მოგვმატებოდა თბილისელების საჭიროებებისკენ მივმართოთ“,- განაცხადა სოფიო ჯაფარიძემ.