თბილისის საკრებულოს ოპოზიციური პარტიების - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო პარტნიორობა - თბილისისათვის“ წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს და დედაქალაქის მერიას და საკრებულოს "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობის საკითხის განხილვის გაწვევისკენ მოუწოდეს. როგორც საბა ბუაძემ და გიორგი ონიანმა განაცხადეს, აღნიშნულ ტერიტორიაზე 50 სართულიანი ცათამბჯენების მშენებლობა დაუშვებელი და ყველანაირი თვალსაზრისით არამიზანშეწონილია. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება უსაფრთხოების და სატრანსპორტო მიმართულებით თბილისს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. თბილისის საკრებულოს ოპოზიცია აცხადებს, რომ "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიას ამჟამად ურბანისტები, ხელოვნებათმცოდნეები და ტრანსპორტის სპეციალისტები სწავლობენ და მოითხოვენ, რომ საკითხის განხილვა სპეციალისტების მიერ დასკვნის გამოქვეყნებამდე მაინც გადაიდოს.
„ამ პროექტის განხორციელებით, "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე ორი ბომბი ჩაიდება. სწორედ მანდ მდებარეობს ორი კოლექტორი, რომელმაც 15 ივნისის სტიქიის დროს მოვარდნილი წყალი ვერ გაატარა და ტერიტორია დაიტბორა. ამის შემდეგ, საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებისთვის , ამ ტერიტორიაზე თუკი ვინმე რამე მშენებლობის წამოწყებას დაგეგმავდა წარმოუდგენელი იყო. ეს გახლავთ მდინარე „ვერეს“ ყველაზე პრობლემური კალაპოტი და სპეციალისტების თქმით, აქ არანაირი მშენებლობის განხორციელება არ შეიძლება. გარდა ამისა, 50 სართულიანი ცათამბჯენების მშენებლობა, სერიოზულ პრობლემებს შექმნის სატრანსპორტო თვალსაზრისით და აქ გავლა შეუძლებელი იქნება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თბილისის მერიას, აღნიშნული საკითხის გაწვევისკენ“ -განაცხადეს საბა ბუაძემ და გიორგი ონიანმა.