თბილისის საკრებულოში, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ თბილისის მერი და მისი გუნდი ვაკეში, სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, მორიგი მშენებლობისთვის მწვანე შუქის ანთებას აპირებს. საბა ბუაძე და ლილე ლიპარტელიანი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს საკითხის გადადებისკენ მოუწოდებენ.
„თბილისის მერი და მისი გუნდი აპირებს, რომ მწვანე შუქი აუნთოს მშენებლობას, რომელიც მორიგი ურბანული კატასტროფა იქნება ქალაქისთვის. წარმოდგენილი პროექტით, ვაკეში, სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, 180 მეტრიანი-100 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი მოცულობის შენობა უნდა განთავსდეს, რაც იქ არსებული უბნის პარალიზებას მოახდენს. ეს არის ურბანული გენოციდის გაგრძელება, რომელსაც ხელისუფლება ჩვენი ქალაქის წინააღმდეგ და მათთან დაახლოებული ბიზნესმენების საკეთილდღეოდ ეწევა. კერძოდ, აღნიშნული ტერიტორია ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენს, ნოშრევან ნამორაძეს ეკუთვნის. წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, ინტენსივობისა და განაშენიანების კოეფიციენტი არასწორადაა დაანგარიშებული და ვალდებულებები, რომლითაც ნოშრევან ნამორაძემ ეს ტერიტორია შეიძინა, არ არის გათვალისწინებული. ეს გეგმარებითი დავალება კეთილსინდისიერი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ უარყოფილი უნდა იყოს. მოვუწოდებთ საკრებულოს უმრავლესობას, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღონ“- განაცხადეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა.