თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა, რომელზეც თბილისის ბაგა-ბაღების კვებით მომარაგებაზე და კომპანიაზე „ნილი“ განცხადება გააკეთა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, ის რამდენიმე თვის წინ აფრთხილებდა დედაქალაქის მთავრობას, რომ ეს კომპანია დარღვევებით მუშაობდა და ბაღების ხარისხიანი პროდუქტით მომარაგებას ვერ უზრუნველყოფდა. როგორც საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი აცხადებს, თბილისის მთავრობას და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ბაღების დირექტორებს დაავალა, საკვებით უზრუნველყოფისთვის ერთ კონკრეტულ კომპანიასთან გააფორმოს ხელშეკრულება.
„ეს არის შპს „ვტ“. ეს კომპანია 2019 წელს სამ ტენდერში იქნა დისკვალიფიცირებული საკვები პროდუქტებით უხარისხო მომარაგების გამო. ასევე, ცნობილი ხდება რომ, ამ შპს-ს უკან დგას კომპანია „ილი ჯგუფი“. ორივე კომპანია არის პარტიის „ქართული ოცნება“ შემომწირველი,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, თბილისში 60 ათასი ბავშვის კვებას საფრთხე ემუქრება. ლევან ხაბეიშვილი მიმართავს დედაქალაქის მერს, მთავრობას და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობას, აიღონ პასუხისმგებლობა კომპანიასთან „ნილი“ შექმნილ პრობლემებზე.