თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ ბრიფინგი გამართა და მერიის მხრიდან წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების შესაძლო გამოყენებაზე განცხადება გააკეთა. მისი ინფორმაციით, ამისთვის დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის.
„დღეს თბილისის საკრებულოში შემოსულია დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის ცვლილებები, სადაც ჩანს რომ მერიამ გასულ წელს ვერ აითვისა, ვერ დახარჯა 200 მილიონ ლარზე მეტი. ეს გაკეთდა ერთადერთი მიზნით, რომ აღნიშნული 200 მილიონი გადმოიტანონ მიმდინარე წელს ბიუჯეტის ცვლილებებით წინასაარჩევნოდ, რათა ეს თანხები გამოყენებულ იქნას როგორც დამატებითი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი. ისევ და ისევ იზრდება მერიაში დასაქმებულთა რიცხოვნობა. მარტო ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ემატება 100 ადამიანი, რომელთა ხელფასებზეც თბილისელებმა გადასახადების სახით დამატებით ორნახევარი მილიონი ლარი უნდა გადაიხადონ“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.