თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ ბრიფინგი გამართა. როგორც ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, 2017 წელს, თბილისის მერიამ ვერის ხეობაში, 9600 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, სპორტული კომპლექსის ასაშენებლად, კვადრატული 12 დოლარად გაყიდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, სპორტული კომპლექსის ნაცვლად, კომპანია „თეთრი კვადრატი“ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. ირაკლი ნადირაძის თქმით, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ იფლანგება ხალხის ქონება.
„კომპანია „თეთრი კვადრატი“ ვაკეში მდებარე მიწის ნაკვეთზე, რომლის კვადრატული მეტრიც 12 დოლარად ჯერ კიდევ 2017 წელს გაიყიდა, საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. აღნიშნულ კომპლექსში ბინების გაყიდვა უკვე დაწყებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები საკრებულოს თვლიან ნოტარიუსად და წინასწარ იციან, რომ აქ არანაირი რეალური განხილვა არ გაიმართება“- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, რომელსაც თბილისის საკრებულოს დღეს მიიღებს, „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად გაასაჩივრებს.