თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
მისი თქმით პროექტი, რომელიც ნაძალადევისა და დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე მაღალსართულიანი, მრავალფუნქციური შენობების ჩადგმას გულისხმობს, დედაქალაქის გენგეგმის კონცეფციას ეწინააღმდეგება და აღნიშნულ უბნებში სატრანსპორტო მოძრაობას შეზღუდავს.
„ქართული ოცნების უმრავლესობა საკრებულოში აპირებს, დაამტკიცოს დედაქალაქის ცენტრში მავნებლური განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც ჯერ არცერთი მოწვევის საკრებულოს არ დაუმტკიცებია. იქმნება პროექტი, რომელიც სანზონის, ნაძალადევის, დიდუბის, ჩუღურეთის რაიონებში სატრანსპორტო კოლაფსს შექმნის, რადგან აღნიშნულ ტერიტორიას დანარჩენ ქალაქთან შესაბამისი სატრანსპორტო კავშირები არ გააჩნია. ეს არის ურბანული დანაშაული თბილისელების წინაშე. ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ ადამიანებს თბილისელების ინტერესების ხარჯზე სურთ იშოვნონ მილიონები“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ და უმრავლესობას პროექტზე უარის თქმისკენ მოუწოდა.