თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ონიანმა დღეს, თბილისის საკრებულოში ბრიფინგი გამართა. გიორგი ონიანმა აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია გააკრიტიკა. მისივე თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ საკითხზე, დედაქალაქის მერის პირველ მოადგილეს ირაკლი ხმალაძეს და მერის მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს ხვალ, 21 აპრილს ფრაქციის სხდომაზე იბარებს.
„წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დაწებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ის ხელწერა, თუ რა ხელწერა გააჩნია ‘ქართულ ოცნებას“. ისინი ან საერთოდ არაფერს აკეთებენ, ან თუ აკეთებენ, იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის გაუსაძლისი ხდება ცხოვრება. არაფერი გააკეთა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ეს პრობლემა ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა. კახა კალაძე თავის პიარზე მილიონებს ხარჯავს და ერთი ვიდეოკლიპი არ გააკეთებინა, რომ მოსახლეობისთვის ეჩვენებინა, როგორ შეეძლოთ გვერდი აევლოთ საცობებისთვის და რა მარშრუტით ესარგებლათ.
გარდა ამისა, იმ კომპანიის მიმართ, რომელმაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ტენდერი მოიგო, კითხვები არსებობს. ეს კომპანია 31 ტენდერიდან არის დისკვალიფიცირებული. სწორედ ამიტომ, დედაქალაქის მერის პირველ მოადგილეს ირაკლი ხმალაძეს და მერის მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფრაქციის სხდომაზე იბარებს,“- განაცხადა გიორგი ონიანმა.