თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წევრები სამგორის რაიონში, უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობას მიმართავენ და ოთხპუნქტიანი შეთავაზებით გამოდიან. განცხადება ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ონიანმა გააკეთა.
მისი თქმით, ფრაქციის შეთავაზება აღნიშნული პრობლემის უმტკივნეულოდ გადაჭრას უზრუნველყოფს.
„ვინაიდან ამ პატარა ბინების არსებობა უკვე ფაქტია - მოსახლეობისთვის მათი დაკანონება უნდა მოხდეს. მიწები, რომლებზეც ეს ბინებია აშენებული, მესაკუთრეებს ნორმატიულ ფასში უნდა გადასცეს. საუბრობენ, რომ აქ თაღლითების ორგანიზებული ჯგუფები მოქმედებენ - პროკურატურის მიერ უნდა დაიწყოს აღნიშნული ფაქტის გამოძიება და საზოგადოებას უნდა მიეწოდოს კონკრეტული ინფორმაცია თუ ვინ თაღლითობს და რა ჯგუფებია ეს. ამასთან ერთად, სახლების დაკანონებამდე და ნორმატიულ ფასში აღნიშნული მიწის გადაცემამდე ბინების ნგრევაზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს. ამით უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ ზამთრის ცივ დღეებში ეს ადამიანები ღია ცის ქვეშ არ დარჩებიან“, - განაცხადა გიორგი ონიანმა.