თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარის მოადგილემ ანა გოგოლაძემ ბრიფინგი გამართა და უსინათლოებთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე ისაუბრა.
როგორც ანა გოგოლაძემ აღნიშნა, 15 ოქტომბერი თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღეა. მისი თქმით, ეს დღე არის ერთგვარი სიმბოლო და აღიარება იმისა, რომ უსინათლო და მცირედმხედველი ადამიანები სრულყოფილად არიან ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და შეუძლიათ დამოუკიდებელი ცხოვრება.
,,თბილისში გვყავს უამრავი მოტივირებული, განათლებული, დამოუკიდებელი უსინათლო და მცირედმხედველი ადამიანი, რომლებიც მიუხედავად ქალაქში არსებული უამრავი დაბრკოლებისა, არ ნებდებიან და ახერხებენ საზოგადოებაში ინტეგრაციას, ტრანსპორტით სარგებლობას, დატვირთულ ქუჩებში გადაადგილებას. მთავრობა ვალდებულია იზრუნოს ამ მოქალაქეების საჭიროებებზე და შეუქმნას მათ შესაბამისი ადაპტირებული გარემო. ამისთვის კი საჭიროა ინფრასტრუქტურის, ქუჩების და ტრანსპორტის ადაპტირება’’, -განაცხადა დეპუტატმა.
ბრიფინგზე მან ავტობუსებში გაჩერებებზე გახმოვანების სისტემის მოწესრიგების თაობაზეც ისაუბრა. ანა გოგოლაძის თქმით, ავტობუსებში გაჩერებების გახმოვანების სისტემის მოწესრიგება აუცილებელია, რათა უსინათლო ადამიანებმა სწორედ ამ გახმოვანების დახმარებით შეძლონ კოორდინაცია სივრცეში და ამასთანავე, ტრანსპორტის გადაადგილება და თავიანთი ლოკაცია აკონტროლონ.
,,ეს სისტემა, საბედნიეროდ, უკვე დანერგილია ახალ ავტობუსებში და საჭიროებს მხოლოდ გააქტიურებას, შესაბამისად, არ მოითხოვს დამატებითი თანხების გაღებას. ეს არის ძალიან მარტივად შესასრულებელი ქმედება, რომელიც, ძალზედ გაუადვილებს ცხოვრებას უსინათლო და მცირედმხედველ ადამიანებს ’’, -აღნიშნა საკრებულოს წევრმა.
ბრიფინგზე აღნიშნულის თაობაზე ფრაქციის ,,ლელო- პარტნიორობა თბილისისთვის’’ წევრმა ვახტანგ სურგულაძემაც ისაუბრა და უსინათლოებისა და მცირედმხედველი ადამიანებისთვის შესაფერისი, ადაპტირებული გარემოს შექმნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.