თბილისის საკრებულოს ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა’’ წევრმა ანა გოგოლაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ავტობუსის გაჩერებაზე მოწყობილი მოსაცდელის წაქცევის ფაქტს გამოეხმაურა.
დეპუტატმა მსგავსი შემთხვევებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები კორუფციულ მმართველობას უკავშირდება.
ანა გოგოლაძემ ყურადღება კომპანიაზე ,,ალმა’’ გაამახვილა. მისი თქმით, დედაქალაქის მერიამ ავტობუსების მოსაცდელების დამონტაჟებაზე ექსკლუზიური უფლება ვისოლ ჯგუფის შვილობილ კომპანიას ,,ალმა’’ გადასცა, რომლის უკანაც ქართული ოცნების მხარდამჭერები დგანან.
,,კომპანია ,,ალმა’’ ვისოლ ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ქართული ოცნების ღია პრივილეგიებით სარგებლობს და რომელმაც 2016 წელს 700 ავტობუსის მოსაცდელის დამონტაჟებაზე ექსკლუზიური უფლებამოსილება მიიღო. ამასთანავე საუბარია ტენდერში ახლად გამარჯვებულ კომპანიებზე, რომლებიც ასევე ქართული ოცნების მხარდაჭერით სარგებლობენ და დედაქალაქის მასშტაბით ავტობუსის დამატებით მოსაცდელებს ამონტაჟებენ’’,-განაცხადა დეპუტატმა.
ანა გოგოლაძემ ავტობუსის გაჩერებებზე მოწყობილი მოსაცდელების ხარისხზე და სტანდარტებთან შეუსაბამობაზეც ისაუბრა და აუდიტის სამსახურს თბილისის მერიასა და კომპანია ,,ალმას’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესწავლისკენ მოუწოდა.