თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ ანა გოგოლაძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ქონების მართვის სააგენტომ სპორტის უნივერსიტეტის პირდაპირ არსებული 267 კვ მეტრის საპარკინგე სივრცე, ყველანაირი წესის დარღვევით, აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა. ანა გოგოლაძის თქმით, აუქციონი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც თბილისის საკრებულომ ჭავჭავაძის გამზირზე, სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, დედაქალაქში ყველაზე მაღალი, 170 მეტრიანი შენობის გეგმარებითი დავალება დაამტკიცა. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, პროექტით სრულად უგულებელყოფილია ქალაქის სწორი განვითარების მიზნები და მოქალაქეების ინტერესები.
„რაც შეეხება ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონს. აქ რამდენიმე კანონდარღვევა იკვეთება. სპორტის უნივერსიტეტის პირდაპირ არსებული 267 კვ მეტრის საპარკინგე სივრცე 19 მაისამდე სატრანსპორტო ზონის სტატუსს ატარებდა. დედაქალაქის საკრებულომ, წინასწარი საპრივატიზაციო განზრახვით, მას სტატუსი შეუცვალა და გასაყიდად გაამზადა. ვინაიდან ტერიტორია მუნიციპალიტეტის ძირითად ქონებას წარმოადგენდა, მის გასასხვისებლად საკრებულოს ¾ ის თანხმობა იყო საჭირო, რაც ქონების მართვის სააგენტოს საკრებულოდან არ მიუღია. ეს კანონდარღვევით მიმდინარე აუქციონი თავიდან ბოლომდე მორგებულია „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ დეველოპერ ნოშრევან ნამორაძეზე”- განაცხადა ანა გოგოლაძემ.
ანა გოგოლაძე მოუწოდებს თბილისის საკრებულოს და ქონების მართვის სააგენტოს, მიიღოს შესაბამისი ზომები და შეაჩეროს უკანონო აუქციონი. მისი თქმით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს აუქციონის შეჩერების მიზნით უკვე მიმართა.