თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარის მოადგილე ანა გოგოლაძე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფასოდ მგზავრობის ინიციატივით გამოდის. ამასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ინიციატივა მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირებისთვის უფასო, ხოლო ზომიერად გამოხატული შშმ პირებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საშეღავათო ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს. „ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნულ ინიციატივას დღეს საკრებულოში დაარეგისტრირებს. ანა გოგოლაძემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე თბილისის საკრებულოს უმრავლესობასთან შეთანხმება შედგება და დადებით გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებენ.
„გამოვდივართ ინიციატივით, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უფასოდ მგზავრობის უფლება მიენიჭოთ. თბილისში მცხოვრები შშმ პირები, გარდა უსინათლოებისა, არანაირი სამგზავრო შეღავათებით არ სარგებლობენ. ქვეყნის განვითარებისთვის კი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ ინკლუზიურობაა, მაგრამ სრულიად არალოგიკურია, ერთის მხრივ, ვცდილობდეთ ქალაქის და მათ შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შშმ პირების საჭიროებებზე ადაპტირებას და მეორეს მხრივ მათ მგზავრობის გაძვირებულ საფასურს -ერთ ლარს ვახდევინებდეთ. ამ ადამიანებს ისედაც ბევრი სირთულე ხვდებათ, ხშირ შემთხვევაში უჭირთ დასაქმება და მათთვის განკუთვნილი სახელმწიფო გასაცემლები, ხშირ შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს მათ საჭიროებებს. ამ ყველაფრის ფონზე, მგზავრობაში გადახდილი ერთი ლარი მათთვის საკმაოდ დიდი ფინანსური ტვირთია“- განაცხადა ანა გოგოლაძემ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე საკრებულოს უმრავლესობასთან შეთანხმება შედგება.