დედაქალაქის საკრებულოში მერიის საქალაქო სამსახურების მოსმენა გრძელდება. ამჯერად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ წევრებმა, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ანგარიში მოისმინეს.
უწყების ექვსთვიანი საქმიანობის შედეგად შედგენილი ანგარიშის პრეზენტაციას, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ წევრები, კოალიციის შემადგელობაში შემავალი სხვა ფრაქციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი დეპუტატები და მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ. სხდომას, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ტალიაშვილი უძღვებოდა.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა, თემურ თორდინავამ ბაგა–ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე, უწყების წინაშე მდგარ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მომხსენებელი, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის, უკვე არსებულის შეკეთება–გამაგრების, და ზოგადად, ამ სფეროსთან დაკავშირებულ თითქმის ყველა საკითხს შეეხო.
ისაუბრა ახალი საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაობის დასრულების კონკრეტულ ვადებზე და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე, ახალი საბავშვო ბაგა–ბაღების მშენებლობისა და უკვე არსებულის აღდგენის შედეგად, დამატებით დაახლოებით 550 ადამიანის დასაქმება გახდება შესაძლებელი.
თორდინავას ინფორმაციით, დღეისათვის 150–ზე მეტ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობის სისტემა და განახლებულია ინფრასტრუქტურული ბაზა. 48 ბაღში აღდგენილია ღობე და თითქმის დასრულებულია 19 ბაგა –ბაღის შემოღობვის სამუშაოები. სააგენტოს ხელმძღვანელმა, წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა, ბაგა-ბაღებში კვების პირობების გაუმჯობესებას და აღნიშნა, რომ სააგენტო ამ მიმართულებებით აქტიურ მუშაობას აგრძელებს.
თორდინავამ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ სააგენტო ახალ პროექტზე მუშაობს, რომლითაც ბაგა–ბაღების აღმზრდელების გადამზადება და ახალი კადრების მომზადება იქნება შესაძლებელი.
აქტუალურ საკითხებად, რომელთა მოგვარებაზეც სააგენტო ამჟამად მუშაობს თორდინავამ ბაგა–ბაღებში ორცვლიანი სისტემის დანერგვა, შესყიდვების სისტემის გაუმჯობესება, ფსიქოლოგისა და ლოგოპედის შტატის შემოღება და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მიერ საბავშვო ბაღების ფართების დაკავება დაასახელა.
განსაკუთრებით აღნიშნა, რომ მონიტორინგის თემატური ჯგუფების კომპეტენტური და ნაყოფიერი მუშაობის შედეგად, ბაგა–ბაღებში, ტემპერატურული და სანიტარული ნორმებით დაწყებული და უმაღლესი განათლების არმქონე დირექტორების გამოვლენით დასრულებული, მრავალი გამოწვევის მოგვარება მოხერხდა. ხაზი გაესვა, რომ მონიტორინგის ჯგუფები ამჟამადაც აქტიურ მუშაობას აგრძელებენ.
რეგისტრაციის გარეშე დარჩენილი ბავშვების საკითხზე საუბრისას, სააგენტოს ხელმძღვანელმა, ფრაქციის წევრებს ჩატარებული კვლევის შედეგად შედგენილი დიაგრამა გააცნო. მისი თქმით, მომავალში, სწორედ ამ დიაგრამის მიხედვით განისაზღვრება თბილისის ამა თუ იმ რაიონში ახალი ბაგა–ბაღების მშენებლობის საკითხი. პრეზენტაციის მოსმენის შემდეგ, ფრაქციის სხდომა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
დეპუტატებმა სააგენტოს ხელმძღვანელს დეტალურად გამოკითხეს კონკრეტულ მისამართებზე არსებული ბაგა–ბაღების მდგომარეობისა და თითოეულის წინაშე მდგარი საჭიროებების საკითხები.
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ წევრებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრამ საინტერესო და საქმიან ვითარებაში ჩაიარა და მართვის სააგენტოს საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვისთვის გარკვეული რეკომენდაციებით მიმართეს.
ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, მის საქმიანობასთან დაკავშირებული ფრაქციის ხედვა გააცნო და მომავალში, უწყების მუშაობის კიდევ უფრო გაუმჯობესებისათვის, ფრაქციის მიერ ანგარიშის მოსმენის შედეგად შემუშავებული წინადადებები წარუდგინა.
აღნიშნული შეხვედრა რიგით მეექვსეა, რომელიც თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებთან ფრაქციამ „ქართული ოცნება –დემოკრატიული საქართველოსთვის“ გამართა. ფრაქციის წევრებმა უკვე მოუსმინეს ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, არქიტექტურის, ზედამხედველობისა და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურებს.
ნინო რუხაძემ საკრებულოში 2022-2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ოთარ გრიგოლია: ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში იდება და მუნიციპალური ინსტიტუციები ძლიერდება
აგვისტო 30,2023