თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ პირველი კვარტლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
გივი კუბლაშვილმა სხდომაზე ბიუჯეტის 3 თვის შესრულების თაობაზე ისაუბრა და საკრებულოს წევრებს დასრულებული, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
სხდომაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, საკრებულოს წევრები, ძირითადად, ტენდერების, გზების, საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის, აღდგენა-რეკონსტრუქციის, ასევე რაიონებში არსებული გამოწვევებისა და მათი მოგვარების გზებით დაინტერესდნენ.
ფრაქციის წევრებმა კეთილმოწყობის სამსახურის მუშაობა დადებითად შეაფასეს და ამასთან, საქმიანობის უფრო ეფექტიანად წარმართვის მიზნით, გივი კუბლაშვილს საკუთარი რეკომენდაციები და წინადადებები გააცნეს.
წარმოდგენილი რეკომენდაციების თანახმად, კეთილმოწყობის სამსახურის საშტატო რესურსიდან კომუნალური მეურნეობისა და შენობა-ნაგებობების რეალური მდგომარეობის შესწავლის მიზნით, სპეციალისტთა ჯგუფი უნდა გამოიყოს, რომელიც, ამავდროულად, შესაძლო რისკების გათვალისწინებით გრძელვადიან და მიმდინარე პრიორიტეტებს შეიმუშავებს და წარმოდგენილი დასკვნების საფუძველზე აღნიშნული სამსახურის 2017 წლის ბიუჯეტს შეადგენს.
ფრაქციის თავმჯდომარის რიმა ბერაძის განცხადებით, მერიამ და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა 13-14 ივნისის სტიქიის გამოცდილება უნდა გაითვალისწინონ და განსაკუთრებული ყურადღება ვერეს, დიღმულასა და გლდანულას ხეობებს, ასევე შესაძლო მაღალი წყალმოვარდნისა და მეწყერსაშიშ ზონებს უნდა მიაქციონ.
საკრებულოს წევრების განმარტებით, მნიშვნელოვანია, დაიგეგმოს და ჩატარდეს ამგვარი ობიექტების გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და სხვა სახის კვლევები.
ფრაქციის წევრებმა დედაქალაქში არსებულ ავარიულ შენობა-ნაგებობეზეც იმსჯელეს და განაცხადეს, რომ აუცილებელია რეესტრის შექმნა, სადაც რეაბილიტაციის რიგითობა და ვადები იქნება აღნიშნული.
როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ დედაქალაქის საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების ანგარიშების მოსმენებს რეგულარულად ახორციელებს.
მისივე თქმით, მსგავსი შეხვედრების მიზანი არა მხოლოდ შესაძლო ხარვეზების გამოვლენაა, არამედ მათი გადაჭრის გზების ერთობლივად დაგეგმვა და სამუშაო პერსპექტივების სწორი განსაზღვრაა.
ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ წევრების გარდა სხდომას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნინო რუხაძემ საკრებულოში 2022-2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ოთარ გრიგოლია: ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში იდება და მუნიციპალური ინსტიტუციები ძლიერდება
აგვისტო 30,2023