თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ ბრიფინგი გამართა.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობის ლიდერი თბილისის საკრებულოს 2012-2014 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნული დასკვნის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატების მისამართით აგორებული მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია უწოდა.
,,მინდა გამოვეხმაურო აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს და მასში არსებულ შენიშვნებს, რომელიც აუდიტის 2012–2014 წლების დასკვნას მოიცავს. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისათვის ნათელია, რომ წარმოდგენილი ანგარიში ჩვენი საქმიანობის მხოლოდ ექვსთვიან პერიოდს მოიცავს, რადგან ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ ახალი მოწვევის საკრებულო საქმიანობას 2014 წლის ივლისიდან შეუდგა.
შესაბამისად, 2012, 2013, 2014 წლების პირველ ნახევარში გამოვლენილი დარღვევები მხოლოდ წინა მოწვევის საკრებულოებს და მათ საქმიანობას ეხება.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, უმრავლესობის დეპუტატებმა, მოსვლისთანავე უარი ვთქვით პრემიებზე, შესაბამისად, საპრემიო ფონდი არანაირად არ გაზრდილა.
დღეის მდგომარეობით, პრემიები ურიგდებათ არა დეპუტატებს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ აპარატის თანამშრომლებს, კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში და ისიც 60%-ით ნაკლებია 2013 წლის იმავე პერიოდში გაცემული პრემიების თანხის ოდენობაზე და 77% -ით ნაკლებია 2014 წლის პირველ 6 თვეში, ჩვენს მოსვლამდე გაცემული პრემიების ოდენობაზე.
რაც შეეხება დანამატებს, ამ 6 თვის განმავლობაში ის მხოლოდ ერთხელ გაიცა საკრებულოს თანამდებობის პირებისთვის, ისიც თანამდებობრივი სარგოს 60 %-ი და არა 100% და 300%-ის ოდენობით, რასაც ადგილი ჰქონდა ჩვენს მოსვლამდე.
ასევე ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ 2014 წელს 6 თვეში არათუ გავზარდეთ საკრებულოს ხარჯები, პირიქით, შევამცირეთ და 800 000 ლარის ეკონომია გავწიეთ - საპრემიო ფონდის, ბენზინის, სატრანსპორტო საშუალებების მომსახურების და სხვა ხარჯების შემცირებით.
რაც შეეხება სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით აუდიტის დასკვნაში არსებულ შენიშვნებს, მოგახსენებთ, რომ საუბარია ასევე წინა მოწვევების საკრებულოს წევრებზე, მაგალითად, 2012 წელს მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და ამჟამად "ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს წევრის მამუკა ახვლედიანის სამივლინებო ხარჯებზე. იგი ერთი წლის განმავლობაში 12- ჯერ იმყოფებოდა მივლინებაში, აქედან 6-ჯერ მისმა სამივლინებო ხარჯებმა არსებულ ზღვარს ბევრად გადააჭარბა, რაც აუდიტის დასკვნაში სრულადაა წარმოდგენილი.
ასევე კითხვები არსებობს 2012 წლის ნოემბერში და იმავე წლის ივნისში, მაშინდელი აპარატის უფროსის და ამჟამად ასევე "ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს წევრის მარიკა დათუკიშვილის მივლინებებთან დაკავშირებით.
მინდა ხაზი გავუსვა აუდიტის დასკვნაში არსებულ მიწის ლეგალიზაციის საკითხთან დაკავშირებულ დარღვევებს, რომელსაც 8 გვერდი აქვს დათმობილი.
განხილული 11 შემთხვევიდან, 9 შემთხვევა ეხება სწორედ იმ დროს, როდესაც მიწის ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე გახლდათ მაშინდელი მერიის ჩინოსანი და ამჟამად "ნაციონალური მოძრაობის" გამოკვეთილი ლიდერი საკრებულოში, შესაბამისად კითხვებით შეგიძლიათ მიმართოთ მათ.
მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს და მათთან უნისონში მყოფ ოპოზიციონერ კოლეგებს, თავი დაანებონ საკრებულოს უმრავლესობის მისამართით ბინძურ პიარ-კამპანიას და ნუ შეჰყავთ მოსახლეობა შეცდომაში. მივმართავ მათ, აკეთონ ის საქმე, რაც კომპეტენციით მიენიჭათ, როგორც საკრებულოს წევრებს და ხელს მაინც ნუ გვიშლიან მუშაობაში“,- აღნიშნა რიმა ბერაძემ.
რევაზ სოხაძე: „ მუნიციპალიტეტი გადაწყვეტილებას მხოლოდ ურბანული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს“
აგვისტო 16,2024ოთარ გრიგოლიამ საკრებულოში სტუდენტური პარლამენტის წევრებს უმასპინძლა
დეკემბერი 27,2023ოთარ გრიგოლია: „პროექტები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ორიენტირებულია თბილისელებზე და იმ საჭიროებებზე, რომელიც თბილისს აქვს“
დეკემბერი 19,2023