დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარესთან რიმა ბერაძესთან ერთად, USAID-ის ექსპერტ იაროსლავა ზაპლეტალოვას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ახალი პროექტის „მართე შენი ქალაქის“ მიზნებსა და განხორციელების გზებზე იმსჯელეს.
ნუგზარ მალაღურაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტი თბილისში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, განვითარების გზების შემუშავებას ისახავს მიზნად და იგი „თბილისის ადვოკატის“ ფარგლებში ხორციელდება.
„პროექტი „მართე შენი ქალაქი“ დედაქალაქში არსებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლობისთვის ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებას გულისხმობს და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
ცნობილია, რომ თბილისში, გარკვეული სახის სირთულეები, მათ შორის სამეზობლო დავები და მსგავსი ტიპის პრობლემები არსებობს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამხანაგობების წარმომადგენლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, თუ როგორ მართონ არსებული რესურსი უფრო ეფექტიანად და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ეს რესურსი ისე უნდა გამოიყენონ, რომ იგი პირველ რიგში მათთვის იყოს სასარგებლო.
აღნიშნულ საკითზე მე არა ერთი წელია ვმუშაობ და კონკრეტული ხედვები გამაჩნია.
მათ შორის საგულისხმოა იდეის დონეზე არსებული პროექტიც. იგი თბილისის მაღალსართულიან შენობებზე მანსარდული საცხოვრებლების შექმნის მიზნით, ბრტყელი სახურავების ქანობიანი სახურავებით ჩანაცვლებას გულისხმობს და იდეის განხორციელების შემთხვევაში, ამხანაგობის საკუთრება იქნება.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა აღნიშნულ რესურსს მხოლოდ საკუთარ ფარგლებში გამოიყენებს.
თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს იდეა ჯერ მხოლოდ განხილვისა და დამუშავების პროცეშია“-განაცხადა სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ.
შეხვედრას ასევე, USAID-ის ერთ-ერთი პროგრამის, ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის (HICD) მენეჯერი დეა ფაღავა, საბურთალოსა და კრწანისის რაიონის გამგებლები, ბექა მიქაუტაძე და გიორგი კოპალეიშვილი ესწრებოდნენ.
იაროსლავა ზაპლეტალოვამ, საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი ხედვა და გამოცდილება გაუზიარა.
ექსპერტმა, ასევე ევროპულ გამოცდილებას გაუსვა ხაზი და საკრებულოსა და გამგეობების წარმომადგენლებს გარკვეული რეკომენდაციებიც მისცა, რომელთა გათვალისწინებაც, მისივე თქმით, პროექტის განხორციელების ეფექტიანობას შეუწყობს ხელს.