თბილისის საკრებულოში წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’ ხელმძღვანელმა ოთარ გრიგოლიამ და საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებთან: ნინო წულაძესთან, ბარბარა ჯიმელი სულაშვილთან და დავით ფარცვანიასთან ერთად ვარშავის ქალაქის საბჭოს წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე აგნიეშკა ვირვალ, მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აგნიეშკა ბოროვსკა და ასევე ვარშავის ქალაქის საბჭოს ოფისის უმცროსი ინსპექტორი სუზანა სოსნოვსკა იყვნენ, გიორგი ტყემალაძე მიესალმა და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით, მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,ვფიქრობ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და საკრებულოს მუშაობის პრინციპების, ამასთან, მუნიციპალური სერვისების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, მსგავსი ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა’’,-აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ და ამასთანავე, სტუმრებს იმ პრიორიტეტების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია, როგორებიცაა: ურბანული, სატრანსპორტო და გარემოს დაცვისა და გამწვანების პოლიტიკა.
უმრავლესობის წარმომადგენელმა ვლადიმერ ბოჟაძემ შეხვედრაზე დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურებისა და საკრებულოს კომისიების მუშაობის სპეციფიკაზე გაამახვილა ყურადღება.
სტუმრებს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც მიმართეს და გამოცდილების გაზიარების მიზნით, აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე, რომელიც კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სტუმრები თბილისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებით, საქმიანობის კონკრეტული მიმართულებებით და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობით დაინტერესდნენ, რაზეც საკრებულოს წარმომადგენლებმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.
დასასრულს, დელეგაციის წევრებმა თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს, დეპუტატებს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს, რის შემდეგაც მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.