დღეს, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, საბურთალოს მაჟორიტარმა ვახტანგ შაქარიშვილმა სააკაძის მოედნის მიმდებარედ ბრიფინგი გამართა, რომელზეც ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან გამომდინარე შექმნილ მდგომარეობაზე განცხადება გააკეთა.
ვახტანგ შაქარიშვილმა მოქალაქეებს მოთმინებისა და მხარში დგომისთვის მადლობა გადაუხადა. საკრებულოს წევრმა ისაუბრა უკვე შესრულებულ სამუშაოებზე და პროექტის ღირებულებაზე.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ტიპის მიწისქვეშა სამუშაოები უკვე დასრულებულია. ასევე გზის პირველი პირის მოასფალტებაც დასრულების ფაზაშია.
რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოება, მით უმეტეს მსგავსი მასშტაბებით, იწვევს გადაადგილების შეფერხებას, რაც კარგად გვესმის რომ დისკომფორტია ჩვენი მოსახლეობისთვის. სწორედ ამიტომ, მინდა ყველას მოთმინებისთვის და მხარში დგომისთვის მადლობა გადავუხადო, განსაკუთრებით ადგილობრივ მოსახლეობას. აქვე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ამ პროექტების მნიშვნელობა და მასშტაბი, რომელიც ფაქტობრივად უპრეცედენტოა. მხოლოდ კოსტავა-შარტავას მონაკვეთზე მუნიციპალური ბიუჯეტიდან 7 მილიონ ლარამდე იხარჯება, ამას ემატება კაპიტალური ინვესტიციები წყალმომარაგების, გაზის და სხვა კერძო კომპანიების მხრიდან რაც 3.5 მილიონზე მეტია,“- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
საკრებულოს წევრი წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკასაც შეეხო და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სამუშაოები ზედაპირულად და უხარისხოდ ხორციელდებოდა, რის გამოც, ბიუჯეტიდან თანხები არაეფექტურად იხარჯებოდა.
„ეს არის ფუნდამენტური სამუშაოები, საკომუნიკაციო ქსელები მთლიანად განახლდა, შესაბამისად, ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა გააჩნია. ეს არ იყო ზედაპირული და ფასადური შელამაზება, რაც სამწუხაროდ დანერგილი პრაქტიკა იყო იმ პოლიტიკური ორგანიზაციის მმართველობის პირობებში, რომელიც დღეს უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებს. სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა ახალდაგებული ასლფალტის რამდენჯერმე აყრა, რაც დამატებითი ხარჯებია ბიუჯეტისთვის და დამატებითი დისკომფორტი ჩვენი მოსახლეობისთვის,“- აღნიშნა შაქარიშვილმა.
დეპუტატმა სტატისტიკურ მონაცემებზეც ისაუბრა. კერძოდ, კაპიტალურად შეკეთებული გზების კვადრატულობა, რაც 1 მლნ 20 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს, 2018 წლის პროგნოზით, თითქმის ორჯერ აღემატება იმ წლების მაჩვენებლებს, როცა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. სულ კი, 2018 წლის ბოლომდე გამგეობების და მერიის მიერ 380 მლნ ლარი დაიხარჯება საქალაქო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. ვახტანგ შაქარიშვილის განცხადებით, ახალი გზები, მოწესრიგებული ტროტუარები, განახლებული კომუნიკაციები, შშმ პირებისთვის ადაპტირება, ველობილიკები - ეს ყველაფერი საგრძნობლად აუმჯობესებს გარემოს და თბილისში ცხოვრება და გადაადგილება გაცილებით უფრო კომფორტული ხდება.
რიმა ბერაძის შუამდგომლობის საფუძველზე დევნილებს და სოციალურად დაუცველებს საცხოვრებელი სახლები დაუკანონდათ
აგვისტო 21,2017რიმა ბერაძის მხარდაჭერით ჩუღურეთის რაიონში მცხოვრები 240 მოზარდი ბაკურიანში დაისვენებს
აგვისტო 19,2017რიმა ბერაძისა და გიორგი ვოლსკის ინიციატივით ჩუღურეთში ქალთა კვირეულის ფარგლებში საზეიმო ღონისძიება გაიმართა
მარტი 08,2017