თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა, მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს, გაიოზ თალაკვაძეს მოუსმინეს, რომელმაც თბილისის 2023 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარადგინა. როგორც გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, ბიუჯეტის მოცულობა უცვლელი რჩება და მასში ცვლილებები მიმდინარე წელს გადასახდელების ნაწილში არსებული რესურსების გადანაწილების ხარჯზე ხორციელდება. მანვე საკრებულოს წევრებს რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებების შესახებ დადგენილებაში ცვლილები, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულებაში ცვლილება და მერიისა და გამგეობების საშტატო ნუსხის პროექტები გააცნო.
საკრებულოს წევრებმა ცვლილებები თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესშიც დაამტკიცეს.
დეპუტატებმა სხვადასხვა მისამართზე ზონალური ცვლილებები და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს. მათ შორის, დამტკიცდა კუს ტბასა და მისი ასასვლელის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე აღდგენა-რეკონსტრუქცია-ადაპტაციის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტი. როგორც საკრებულოს სხდომაზე განაცხადეს, ეს არის ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის მიზანიც კუს ტბის განახლებაა.
დღევანდელ სხდომაზე ცვლილებები თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების; ასევე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში შეიტანეს.
საკრებულოს სხდომაზე, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილეს, მარიამ კვერნაძეს მოუსმინეს, რომელმაც ქონების მართვის სააგენტოს რეორგანიზაციის, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ დადგენილებაში ცვლილებები წარადგინა. მან ასევე დედაქალაქის რამდენიმე რაიონში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, უსასყიდლო უზუფრუქტის და იჯარის ფორმებით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხებზე ისაუბრა.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ განკარგულების პროექტი დაამტკიცეს.
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა კი დეპუტატებს წერეთლის გამზირზე #19-21 და #23-25 ნომრებში მდებარე დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით მხარდასაჭერი ღონისძიებების გამოყენების საკითხი გააცნო.