თბილისის საკრებულოში 2023 წლის ბოლო სხდომა გაიმართა. სხდომაზე საკრებულოს წევრებმა შპს „ათორის“ და მასთან აფილირებული კომპანიების მიერ დაუმთავრებელი მშენებლობის შედეგად დაზარალებული პირების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი დაამტკიცეს. როგორც საკითხის წარდგენისას საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, მაღალი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საირმის ქუჩა N37-ში, მუხაძის N4-სა და ირაკლი აბაშიძის N55-ში მდებარე შპს „ათორის“ ობიექტებისთვის დაუმთავრებელი მშენებლობების სტატუსი მიეცა. მისივე თქმით, დაზარალებული პირების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 16 871 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის კონკურენტული შერჩევის წესით პრივატიზებისა და მასზე საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობის თაობაზე“ ინტერესთა გამოხატვის პირობები შეთანხმდა.
ლევან ჟორჟოლიანის თქმით, დაზარალებულად ცნობილ პირთა შესახებ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც თბილისის პროკურატურამ წარადგინა, დაზარალებულად 281 ფიზიკური და იურიდიული პირია აღიარებული. მისივე თქმით, აღნიშნულ პირთა ზიანი ჯამურად 16 491 515 აშშ დოლარს, 96 840 ევროს და 2 330 329 ლარს მოიცავს.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, მუხაძის N4-ში მდებარე დაუმთავრებელი მშენებლობით დაზარალებულ პირებს, საკრებულოს განკარგულების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, ინვესტორთან ერთად, ნებისმიერ დროს ექნებათ საშუალება წარმოადგინოს წინადადება ამავე ობიექტის დამთავრების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებით.
ლევან ჟორჟოლიანის განმარტებით, თბილისის მუნიციპალიტეტი საირმის N37-ში მდებარე ობიექტის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოებას, მისი ექსპლუატაციაში მიღების მიზნით უზრუნველყოფს.
საკრებულოს სხდომაზე, ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენების საკითხი ფალიაშვილის ქუჩაზე, შპს „აშფორდ დეველოპმენტი“-ს მიმართაც შეთანხმდა.
დღევანდელ სხდომაზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით, გასატარებელი ღონისძიებების და ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე რიგი ავარიული კორპუსების ჩანაცვლების მიზნით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების საკითხები დაამტკიცეს.
ამას გარდა, დეპუტატებმა თბილისის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მცხოვრებთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
დეპუტატებმა საკრებულოს რამდენიმე დადგენილებაში ცვლილებები შეიტანეს. მათ შორის ცვლილება შედის „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების“ და „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში.
საკრებულოს წევრებმა სხვადასხვა მისამართებზე არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები შეათანხმეს. ასევე, რამდენიმე მისამართზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.
დედაქალაქის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა, საკრებულოს სხდომაზე „თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში შესატანი ცვლილებები წარადგინა. პროექტის თანახმად, მტკიცდება თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესები.
საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში შესატანი ცვლილებები „თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ წარმომდგენელმაც წარადგინა. დღესვე საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის რეორგანიზაციის შესახებაც იმსჯელა.
თბილისის საკრებულოს წლის ბოლოს სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.