თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. საკრებულოს სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა, რის შემდეგაც საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს. საკითხი საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი თქმით, თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 9 459,1 ათასი ლარით იზრდება და 1 833 083,6 ათას ლარს შეადგენს. მან იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რაშიც გაზრდილი ბიუჯეტი დაიხარჯება.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსების საკითხზე ისაუბრა. როგორც ცნობილია, თბილისში რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს პროგრამის ფარგლებში საჭირო კვლევები და მედიკამენტები სრულად დაუფინანსდება.
სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა გიორგი კობიაშვილმა თბილისის ტერიტორიაზე მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების ყოფნის წესში ცვლილება წარადგინა.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესში ცვლილება, უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებები, ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები წარადგინა. მანვე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები გაცვლის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები გააცნო საკრებულოს წევრებს.
აღნიშნული საკითხების გარდა, საკრებულოს სხდომაზე სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების თაობაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, გასატარებელი ღონისძიებების შეთანხმების თაობაზე განკარგულების პროექტი გააცნო საკრებულოს წევრებს.
დღესვე, საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, განაშენიანების რეგულირების გეგმები დაამტკიცეს.
საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2023 წლის 6 თვის მუშაობის ანგარიშიც მოისმინეს.