დღეს დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში, გიორგი ტყემალაძის ხელმძღვანელობით, საკრებულოს სხდომა გაიმართა. საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, სხდომა შოვში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნა. საკრებულოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის ხსოვნასაც მიაგეს.
თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. განცხადებები ძირითადად რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტების დამტკიცებას ეხებოდა.
განცხადებების შემდეგ დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს. განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტები დაამტკიცეს და უძრავი ქონებების პირდაპირი განკარგვის, იჯარის და უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის და პრივატიზების საკითხები განიხილეს.
დღესვე, საკრებულოს წევრებმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით გასატარებელი ღონისძიებები შეათანხმეს.
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა საკრებულოს წევრებს შარტავას ქუჩასა და არჩილ ამაღლობელის ქუჩაზე მდებარე დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის გასატარებელი დამატებითი მხარდამჭერი ღონისძიებების გამოყენების საკითხი გააცნო. საკრებულოს წევრებმა აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირეს.
ასევე, საკრებულოს წევრებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებაში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს. ამას გარდა, ცვლილებები შევიდა თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაშიც. ამასთან, თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სატრანსპორტო მიმართულებით, საკრებულოს რამდენიმე დადგენილებაში შესატანი ცვლილებები წარადგინა.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, ცვლილება ასევე შევიდა თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში. ცვლილების თანახმად, თბილისის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამებს ახალი ქვეპროგრამა -„სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსება“ დაემატა. აღნიშნული ქვეპროგრამით სარგებლობა შესაძლებელი იქნება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, თბილისის მერიისათვის განცხადებით მიმართვამდე, ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული და რომლებსაც წესით გათვალისწინებული ენდოპროთეზირება ესაჭიროება.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ქუჩების სახელდების საკითხები წარადგინა. ქუჩებს ცნობილი საზოგადო მოღვაწეების, ენათმეცნიერების, მწერლების, ეროვნული გმირების, დრამატურგების, სპორტსმენების, მომღერლებისა და მსახიობების სახელები მიენიჭა. მათ შორის სამგორის რაიონში, პეტრე და იოსებ ოცხელების ქუჩასთან არსებულ უსახელო სკვერს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის შმაგი ხაიკაშვილის სახელი მიენიჭა.