თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელიც პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. განცხადებების შემდეგ, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
საკრებულოს სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები წარადგინა, რომელიც ძირითადად შიდა გადანაცვლებებს მოიცავს. შესაბამისად, ბიუჯეტის მოცულობა უცვლელია და შეადგენს 1 803 072,3 ათას ლარს.
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესებში ცვლილება გააცნო საკრებულოს წევრებს. წარმოდგენილი პროექტით, ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე, თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება სრულად მოხდება და პაციენტს თანაგადახდა აღარ მოუწევს. შესაბამისად, თბილისის მერია 70 000 ლარის ნაცვლად ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციას 120 000 ლარის ფარგლებში სრულად დააფინანსებს.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა გოგი ჩიქოვანმა ბაღებში რეგისტრაციის წესში ცვლილება წარადგინა, რომლის მიხედვით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პროცესში 2023-2024 სააღმზრდელო წელს კიდევ ერთი პრიორიტეტული ჯგუფი დაემატება და საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე, პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები დარეგისტრირდებიან, მეორე ეტაპზე, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები, ხოლო მესამე ეტაპზე, გამოცხადდება საყოველთაო რეგისტრაცია.
აღნიშნული საკითხების გარდა, თბილისის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ შესაბამის დადგენილებაში ცვლილება წარადგინა. ცვლილებებით შესაძლებელი ხდება შეღავათიანი და უფასო ბარათების მიბმა მობილურ აპლიკაციაზე და შეღავათიანი (უფასო) ტარიფით მგზავრობა, ისე რომ აღარ იქნება საჭირო ბარათის მატერიალური სახით დაფიქსირება. ასევე, შეღავათიანი ან უფასო სამგზავრო პლასტიკური ბარათის სხვა პირთა მხრიდან გამოყენების შემთხვევაში, აქამდე თუ ხდებოდა სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვა, ახალი რედაქციით დაიბლოკება მხოლოდ უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ფუნქცია.
საკრებულოს სხდომაზე განიხილეს ასევე თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დადგენილებაში ცვლილება და თბილისის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის რეზერვუარის (თბილისის წყალსაცავის) სანიტარიული დაცვის ზონის დადგენისა და მართვის წესში ცვლილება.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის საკითხები წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა ,,შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდამჭერი ღონისძიებების ფარგლებში დადგენილების პროექტი წარადგინა. მანვე, საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებები გააცნო საკრებულოს წევრებს.
საკრებულოს სხდომაზე თბილისში, სხვადასხვა მისამართებზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.