თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. საკრებულოს სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო, რის შემდეგაც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
საკრებულოს სხდომაზე ჩუღურეთის რაიონში, ანზორ ერქომაიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის ფოლკლორისტ ანზორ ერქომაიშვილის სახელის მინიჭების საკითხს მხარი დაუჭირეს. საკითხი საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ წარადგინა.
დღესვე, საკრებულოს სხდომაზე ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებისთვის შპს ,,ცენტრ პოინტის“ მიმართ გასატარებელი ღონისძიებების საკითხი წარადგინა. მისი ინფორმაციით, მშენებლობის დაწყებამდე პროკურატურამ ამ პროექტის ფარგლებში 4 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი დამატებითი ფართი გამოყო, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა დამატებით 58 დაზარალებული ოჯახის დაკმაყოფილება. ეს არის „ცენტრ-პოინტის“ პროექტის ერთ-ერთი ბოლო საკითხი, რომელსაც თბილისის საკრებულო განიხილავს.
აღნიშნული საკითხების გარდა, სხდომაზე თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირეს. ცვლილებები „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესს“ და „შინმოვლის თანადაფინანსების“ ქვეპროგრამას შეეხება.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე ოთარ ჩიტიძემ სხდომაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაში ცვლილებები წარადგინა.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე ნინო ბაგაშვილმა კი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, გასატარებელი ღონისძიებების შეთანხმების საკითხები გააცნო საკრებულოს წევრებს.
საკრებულოს სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა რამდენიმე საკითხი წარადგინა, რომელიც კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულებს ეხებოდა. მანვე, საკრებულოს წევრებს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის საკითხები გააცნო.