თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ დღეს გამართულ სხდომაზე, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილი გოგონას მშობლებს, ახლობლებს და მეგობრებს მიუსამძიმრა. ამის შემდეგ, საკრებულოს წევრებმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების ჩანაცვლება/რეაბილიტაციის მიმართულებით მომზადებული ორი პროგრამა იყო, რომელთა შემუშავების პროცესში დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო აქტიურად იყო ჩართული. საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, შესაძლებელი ხდება ავარიული სახლების მესაკუთრეებთან შეთანხმების შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების, ან რეაბილიტაციის პროცესში ბიზნეს სექტორის მონაწილეობა. ბიზნესი, ავარიული სახლების ჩანაცვლებას, ან რეაბილიტაციას მხოლოდ ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ მიერ შემუშავებული დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად განახორციელებს.
საკრებულოს დადგენილების პროექტში დღეს შეტანილი ცვლილებების თანახმად, თბილისის განვითარების ფონდი ბიზნესს უკვე დამტკიცებულ პროექტებს შესთავაზებს. მათ კი საშუალება ექნებათ ამ პროექტების მიხედვით, შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით და ფონდის ზედამხედველობით, ავარიული შენობები ჩაანაცვლონ, ან რეაბილიტაცია ჩაუტარონ. ამის სანაცვლოდ კი, ბიზნესის საკუთრებაში არსებულ არაისტორიულ უბნებში მდებარე სხვა მიწის ნაკვეთზე დეველოპერები შესაბამისი პრეფერენციებით ისარგებლებენ. იმ შემთხვევაში თუ სამშენებლო კომპანიას არ სურს პირადად შეასრულოს სამუშაოები, შესაძლებელია მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით, ბიუჯეტში თანხა შეიტანოს, რაც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას მოხმარდება.
ასევე, დადგენილებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მათი ქონების გასხვისების პროცესი აუქციონის საშუალებით მერიამ უზრუნველყოს.
დღესვე, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი 1530,8 ათასი ლარით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 1 776 457,6 ათასი ლარი შეადგინა. თბილისის მთავარ საფინანსო დოკუმენტში შესატანი ცვლილებები მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა.
დღვანდელ სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ავტობუსების რეფორმის მხარდასაჭერად გაფორმებულ საგრანტო ხელშეკრულებაში განსახორციელებელ ცვლილებებზეც იმსჯელეს. ცვლილებების თანახმად, გრანტის მოცულობა 240,000.00 ევროდან 500,000.00 ევრომდე გაიზრდება.
საგრანტო ხელშეკრულების მიზანი თბილისის მუნიციპალიტეტისთვის სამარშრუტო ქსელის დანერგვისა და რეფორმის სხვა კომპონენტების მიმართულებით ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენაა. კერძოდ, ხელშეკრულება ქალაქში ავტობუსების მომსახურების რეფორმების განხორციელებას გულისხმობს, რაც ავტობუსების მარშრუტების რესტრუქტურიზაციასა და გაფართოებას, სატარიფო სისტემის რეფორმას და მგზავრობის საფასურის გადახდის ინტეგრირებული ავტომატური სისტემის („AFC“) დანერგვას მოიცავს.
თბილისის მუნიციპალიტეტსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის სასესხო ხელშეკრულება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის მხარდასაჭერად, ოთხმოცი მილიონი ევროს ოდენობით სესხის გამოყოფაზე, 2019 წელს დაიდო.
დღესვე, დეპუტატებმა საკრებულოს რამდენიმე დადგენილებაში შესატანი ცვლილებებიც განიხილეს. მათ შორის, ცვლილება შევიდა „თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების“; „დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის“; „თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცებისა და პარკირების, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასურის დადგენის“ და „თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში.
თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა „თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში. ცვლილება „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესში“ შედის და ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურებების 400 ლარიანი ვაუჩერით დაფინანსების 450 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. საკითხი საკრებულოს წევრებს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინა.
ცვლილება შედის თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურების მისაღებად, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირების დაფინანსების წესშიც. დღესვე, საკრებულოს წევრებმა კიდევ ერთი ცვლილება „თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაშიც შეიტანეს.
ამას გარდა, ცვლილებები შევიდა „თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების“; ასევე „თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ” და „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში, რის შემდეგაც, თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა სხვადასხვა მისამართებზე არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების; იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით და უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის საკითხები შეათანხმეს და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფილირებული კომპანიების დაუსრულებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, გასატარებელი ღონისძიებები დღევანდელ სხდომაზეც წარადგინა. საკითხს საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს.
თბილისის საკრებულოს სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.