თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს, რომელიც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, თბილისის ბიუჯეტი 20 552,2 ათასი ლარით იზრდება და 1 823 624,5 ათას ლარს შეადგენს. თბილისის ბიუჯეტს ახალი ქვეპროგრამა - სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსება ემატება, რომელიც 500,0 ათასი ლარით განისაზღვრა. ქვეპროგრამა, რომელიც 2023 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება, მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების საჭიროების მქონე პირებისათვის ოპერაციის დაფინანსებას გულისხმობს.
ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტში, ასევე გათვალისწინებულია ცვლილება შემდეგი პროგრამების დაფინანსებაში. იზრდება: აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცია 1 300,0 ათასი ლარით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურება 402,6 ათასი ლარით, სხვა სოციალური (დახმარებების) ღონისძიებები ჩუღურეთის რაიონში 131,5 ათასი ლარით, სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება 349,6 ათასი ლარით.
ბიუჯეტში ცვლილებების გარდა, საკრებულოს სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს მოუსმინეს, რომელმაც დედაქალაქის რამდენიმე რაიონში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 16 056 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის, ყოფილი საბინაო- სამშენებლო კოოპერატივების წევრებისთვის/მათი უფლებამონაცვლეებისთვის და ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის - შპს „არტე დეველოპმენტისთვის“ პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და აუქციონის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების გაუქმების საკითხები წარადგინა.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ასევე, სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებსა და შპს ,,ენსი გრუპის'', ასევე კოოპერატივის წევრებსა და შპს ,,მს ბილდერს'' შორის გაფორმებული ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანისა და ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებისგან ,,ენსი გრუპის'' და ,,მს ბილდერის'' გათავისუფლების საკითხს.
დღესვე, საკრებულოს სხდომაზე „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების თაობაზე საკრებულოს განკარგულების პროექტები დაამტკიცეს.
გარდა ამისა, საკრებულოს სხდომაზე სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს და გლდანის III მკ.რ-ის მიმდებარედ არსებული კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით, განაშენიანების რეგულირების გეგმის გარეშე, მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების დაშვების საკითხი განიხილეს. ასევე, ჭრელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ქეთევან წამებულის გამზირზე არსებულ ნაკვეთებსა და მიმდებარე უფლება დაურეგისტრირებელ ტერიტორიაზე საკრებულოს შესაბამისი განკარგულებით დამტკიცებული მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი ძალადაკარგულად გამოცხადდა.