თბილისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა და თბილისის მერის კახა კალაძის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა. საკრებულოს სხდომა წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ გახსნა. მან საზოგადოებას ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და განახადა, რომ სიმბოლურია, რომ სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას საკრებულოში, დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში შეეგებნენ.
დედაქალაქის მერმაც ანგარიშის წარდგენამდე საქართველოს მოსახლეობას ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა. კახა კალაძემ ანგარიშის წარდგენისას იმ ძირითად რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც დედაქალაქში განხორციელდა. ანგარიშის მოსმენის შემდეგ, საკრებულოს სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კახა კალაძემ საკრებულოს წევრების კითხვებს უპასუხა.
რაც შეეხება დედაქალაქის ბიუჯეტს, 2024 წლის თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობა 1 763 354,7 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 632 132,6 ათასი ლარი) მიმართებაში გაზრდილია 131 222,1 ათასი ლარით, ხოლო 2024 წლის პირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტთან (1 700 912,4 ათასი ლარი) შედარებით გაზრდილია 62 442,3 ათასი ლარით. აღნიშნული არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კაპიტალური ტრანსფერი.
2024 წლის ბიუჯეტით ასიგნებები შემდეგ პრიორიტეტებზე მიიმართება :
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლება; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.
საკრებულოს წევრებმა სხდომის ბოლოს პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს.