თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გუნდმა, ქალთა ინტეგრირებული ტურნირის „თანადგომა-2015-ს" პირველ სახეობაში - ბილიარდში გამარჯვება მოიპოვა. შეჯიბრი, ტურნირის გახსნისას გაიმართა.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ალიბეგაშვილი, ფრაქცია „ქართულიოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე -რიმა ბერაძე, საკრებულოში მოქმედი სამი კომისიის თავმჯდომარე -ქეთევან ჯოხაძე, შორენა ბუხრაშვილი და გულიკოზუმბაძე ესწრებოდნენ.
ქალთა ინტეგრირებული ტურნირი „თანადგომა 2015“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით და საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ორგანიზებით გაიხსნა და მასში მონაწილეთა უმრავლესობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანია.
გიორგი ალიბეგაშვილმა და დეპუტატმა ქალებმა მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, ქალთა ინტეგრირებული სპორტული ტურნირის დაწყება მიულოცეს და წარმატება უსურვეს.
საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ სპორტულ კვირეულში მონაწილეობით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებმა დაადასტურეს - მათთვის შეუძლებელიარაფერია.
„მოხარული ვარ, რომ ეს ღონისძიება შედგა. ტურნირის პირველ სახეობაში მონაწილეობა საკრებულოს გუნდმაც მიიღო და წარმატება მოიპოვა. ზოგადად, ტურნირში 10 გუნდი მონაწილეობს, თითოეულ გუნდში 7-8 მონაწილეა. შეჯიბრებები სპორტის ოთხ სახეობაში: ბილიარდში, მაგიდის ჩოგბურთში, ტყვიის სროლასა და ჭადრაკში - 21 ივლისიდან 9 აგვისტომდე - ჩატარდება. წარმატებას ვუსურვებ ამ ადამიანებს, რომლებისთვისაც შეუძლებელი მართლაც არაფერია“, - განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ.