თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სხდომაზე საბურთალოს, გლდანის, ჩუღურეთის და კრწანისის რაიონებში თბილისის ბიუჯეტით გათალისწინებული ქვეპროგრამები იყო წარმოდგენილი.
კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: სოფელ გლდანში გორის უბნის ქუჩებზე (ფიროსმანის, რუსთაველის, სააკაძის და კულა გლდანელის ქუჩებზე) საკანალიზაციო ქსელის მოწყობა. ასევე ხის მოსასვენებელი პავილიონების შეძენა, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გაზიფიცირება, რაიონის ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა, ლიბანის ქ. N 10–მდე დასაკავშირებელი გზის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის დოუკმენტაციის მომზადება, 9 სკვერის მოწყობა, 10 ამორტიზებული სპორტული მოედნის კაპიტალური რეაბილიტაცია, საბაღე სკამების შეძენა, კეცხოველის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა.
ჩუღურეთის რაიონში თანხმობა მიეცა რაიონის ტერიტორიაზე დაზიანებული ქუჩების მიმდინარე შეკეთებას და შიდა ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, 16 სტადიონის აღდგენის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, 31 სკვერის აღდგენისთვის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, რაიონის ტერიტორიაზე არსებული კიბეებისა და უსაფრთხო მოაჯირების მოწყობას.
კრწანისის რაიონში დეპუტატებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს ახალი ხეივნის ქუჩაზე და მესამე ხეივნის ჩიხში სანიაღვრე ქსელის მოწყობას, კრწანისის ქ. N3–ის წინ არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაციას.
საბურთალოს რაიონში გზების მოვლა – შეკეთებას, ამორტიზებული ბორდიურების აღდგენა – მოწყობას, სოფელ დიღომში კანალიზაციის ქსელის მოსაწყობად საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებას.
დღესვე დეპუტატებმა განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების პროექტები განიხილეს.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად შესაბამისი გამგეობების და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.