დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები ტრენინგს -„მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის საქმიანობაში“ დაესწრნენ.
ტრენინგზე, რომელიც დისკუსიის ფორმატში წარიმართა, საკრებულოს წარმომადგენლებმა კანონპროექტის „მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ“ იმპლიმენტაციის მექანიზმებსა და თბილისის შემთხვევაში მისი გამოყენების ოპტიმალურ გზებზე იმსჯელეს.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს, როგორიცაა თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია, მოქალაქეთა მონაწილეობის არსი, მნიშვნელობა, ასევე სამართლებრივი საფუძვლები და გარანტიები.
ტრენინგი ორი დღის განმავლობაში სასტუმროში „ბეტსი“ იმართება, რომელსაც კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საჯარო სამართლის მიმართულების ასოცირებული პროფესორი ვახუშტი მენაბდე და ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტი, „მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი კოკა კიღურაძე უძღვებოდნენ.
ტრენინგი -„მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის საქმიანობაში“ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების საააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.