თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 39 საკითხი განიხილეს. ზონალური საჭოს ახალი დებულების დამტკიცებისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების გარდა, თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საკონკურსო -საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნული კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კომისიის თავმჯდომარედ მისი მოადგილის, გიორგი ტყემალაძის კანდიდატურა წამოაყენა, რომელსაც დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დღესვე მათი კოლეგის, ალექსანდრე ელისაშვილის მიერ წარმოდგენილი პროექტი განიხილეს, რომელიც საკრებულოს დეპუტატებისთვის პერსონალური ავტომობილების გაუქმებასა და საერთო სარგებლობის სამსახურებრივი ავტოპარკის შემოღებას გულისხმობდა.
საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა სხდომაზე საკუთარი წინადებები წარმოადგინა, თუმცა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა მისი არგუმენტები არ გაიზიარეს.
როგორც საკრებულოს წარმომადგენლებმა განმარტეს, ქართული ოცნების კოალიციაში შემავალი დეპუტატების ინიციატივით, იურიდიული კომისია ამზადებს ალტერნატიულ ვარიანტს, რომელიც საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იქნება წარმოდგენილი.
დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე ქუჩისთვისა და სკვერისთვის ახალი სახელის მინიჭების თაობაზეც იმსჯელეს. საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის ლია ჯახველაძის მიერ წარმოდგენილი 20 საკითხიდან დეპუტატებმა მხოლოდ 16 საკითხს დაუჭირეს მხარი. დანარჩენი 4 საკითხის განხილვა კი სამომავლოდ გადაიდო.
სხდომა 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას საკრებულოს წევრების გარდა თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.