თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გუნდმა ქალთა ინტეგრირებულ ტურნირში ,,თანადგომა 2015“ პირველი ადგილი მოიპოვა.
შეჯიბრი სპორტის ოთხ სახეობაში - ბილიარდში, მაგიდის ჩოგბურთში, პნევმატური იარაღიდან ტყვიის სროლასა და ჭადრაკში მოეწყო.
ტურნირი 21 ივლისს გაიხსნა და მასში დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ათი თანამშრომელი, ასევე კასპის გამგეობის, რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებისა და შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალბატონები იღებდნენ მონაწილეობას.
დაჯილდოების ცერემონიალი ჭადრაკის სასახლეში გაიმართა.
პრიზიორ გუნდებს სამახსოვრო თასები, ცალკეულ სახეობებში გამრჯვებულ ქალბატონებს კი მედლები და სიგელები გადაეცათ.
პირველი ადგილის მფლობელი გუნდი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემ და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ირაკლი ჟორჟოლიანმა დააჯილდოეს.
ტურნირი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ასევე ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერითა და სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდული ცენტრის ,,მომავალი“ ორგანიზებით განხორციელდა.
პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება სპორტის პოპულარიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდასა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა აქტივობის ამაღლებას ისახავს მიზად.
,, ამ ტურნირმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ბარიერები არ არსებობს“, - განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ და აღნიშნა, რომ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო ყოველთვის მხარს დაუჭერს ასეთი სახის ღონისძიებებს.