თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა ქ.თბილისის 2015 წლის ბიუჯეტით პროგრამების და ქვეპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ სამ ღონისძიებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე იმსჯელეს.
პირველი საკითხი, რომელიც ბიუროს სხდომაზე დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე განხილვის შემდეგ იქნა წარმოდგენილი, "თბილისის 2015-ახალგაზრდულ ფესტივალის მოსამზადებელი ღონისძიებების’’ ფარგლებში განსახორციელებელ ისეთ სამუშაოებისთვის მხარდაჭერას გულისხმოდა, როგორიცაა სარეკონსტრუქციო ობიექტების რეაბილიტაცია და ახალი სპორტული ნაგებობების მშენებლობა.
ამავე სხდომაზე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ბაბუნაშვილმა საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის გამო დედაქალაქში საქართველოს, ევროკავშირისა და ლიტვის რესპუბლიკის დროშების შესყიდვის და თანმდევი მომსახურების უზრუნველყოფისთვის, ასევე ცენტრალურ მაგისტრალებზე ქუჩის სახელწოდების აღმნიშვნელი ბანერებისა და კონსტრუქციების გადაუდებელი აღდგენისთვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით მომსახურების განხორციელების თაობაზე საკრებულოს წევრებს თხოვნით მიმართა.
სხდომას, რომელზეც დეპუტატებმა სამივე საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.