დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა თბილისში, ელბაქიძის აღმართზე საავტომობილო გზის მარჯვენა მონაკვეთის ჩანგრევის საკითხი ფორს–მაჟორულ რეჟიმში განიხილეს.
სხდომა, კითხვა–პასუხის რეჟიმი წარიმართა, სადაც დეპუტატებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის ანგარიში მოისმინეს.
მისი განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამსახური შემთხვევის მომენტიდან მუშაობენ, სადაც სავარაუდოდ არა მხოლოდ ჩანგრეული გზის მონაკვეთის აღდგენა იქნება საჭირო, არამედ მიწის დამჭერი კედლის ხელოვნური მორღვევაც.
ავთანდილ სუდაძის მიერ წარმოდგენილი პროექტი, რომელიც მან დეპუტატებს გააცნო, 300 ათასი ლარით განისაზღვრება. ხოლო, იქიდან გამომდინარე, რომ საპროქტო ორგანიზაციას საკითხის შესწავლა ჯერ არ დაუსრულებია, დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის საპროექტო ფასი ხვალ გახდება ცნობილი.
როგორც ავთანდილ სუდაძემ განაცხადა, დანგრეული მონაკვეთის აღსადგენ თანხაზე მეტის საჭიროების შემთხვევაში, საკითხი პერიოდულად შეთანხმდება დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოსთან.
დეპუტატები გზის რეაბილიტაციის საკითხის გარდა, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიხეილ ჯავახიშვილის სახლ–მუზეუმის მდგომარეობითაც დაინტერესდნენ.
მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის განცხადებით, შენობას დღეის მდგომარეობით საფრთხე არ ემუქრება და არც მოსახლეობის შენობიდან გამოყვანის აუცილებლობა არსებობს.
სხდომაზე დეპუტატებმა ასევე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის გოჩა ბაბუნაშვილის მიერ წარმოდგენილ საკითხებზეც იმსჯელეს.
საქმე პუშკინის ქუჩის ესტაკადის მშენებლობას, კუს ტბის მიდამოს გაწმენდის საკითხსა და შემოერთებულ სოფლებში, კერძოდ ხინვალასა და აგარაკებში წყლის შეყვანას შეეხებოდა.
სხდომაზე განხილულ ყველა საკითხს ბიუროს წევრების დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
დღესვე, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და ბიუროს წევრებმა ჯავახიშვილის ქუჩაზე შექმნილი მდგომარეობა ადგილზე დაათვალიერეს.