23 აპრილი 2026 ქართველი მეცნიერის, უნივერსიტეტის დამფუძნებლის, ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის - ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს აღსანიშნავად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ივანე ჯავახიშვილი 150“ გაიმართა. კონფერენციას, რომელიც ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი დაესწრო.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ, თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, ვლადიმერ პაპავამ და საქართველოს რექტორთა კონფერენციის თავმჯდომარემ, დავით გურგენიძემ მიმართეს.
კონფერენციაში როგორც ქართული, ისე საერთაშორისო აკადემიური საზოგადოება მონაწილეობდა. მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტების ცნობილმა მეცნიერებმა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში უახლესი კვლევები წარმოადგინეს.
კონფერენციის დასასრულს კულტურის სამინისტროს, ტელეკომპანია „იმედის“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი დოკუმენტური ფილმის „ივანე ჯავახიშვილი“ პრეზენტაცია გაიმართა.
დღესვე, თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, სტუდენტებმა, პროფესორებმა და მოწვეულმა სტუმრებმა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ივანე ჯავახიშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს. ასევე, პირველ კორპუსში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიასთან, ივანე ჯავახიშვილის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა.
კვირეულის ფარგლებში უკვე გაიმართა არაერთი ღონისძიება: დაჯილდოვდნენ შემოქმედებითი კონკურსის „ივანე ჯავახიშვილი 150“ გამარჯვებული და ფინალისტი სკოლის მოსწავლეები; მოეწყო ივანე ჯავახიშვილის მემორიალური ნივთების, ხელნაწერების, წიგნების, ფოტოების და ფერწერული ნამუშევრების გამოფენა, რომლებიც თსუ-ის მუზეუმშია დაცული; ასევე, გაიმართა თსუ-ის ბიბლიოთეკაში დაცული მასალების - ივანე ჯავახიშვილის წიგნების, პირველი სამეცნიერო სტატიისა და მის მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა; წარმოდგენილი იყო ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული კრებულის პირველი ტომი.
იუბილეს ფარგლებში, დაგეგმილია ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი მონეტისა და საფოსტო მარკის პრეზენტაცია და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები.